საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ანკარაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
ამ კუთხით ხაზი გაესვა თურქეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს უახლოეს მომავალში, ასევე პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობას.
ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო ბრუნვა და ორი ქვეყნის პარტნიორობა სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივ ფორმატში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საპარლამენტო განზომილებაში, თანამშრომლობაზე.
კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე.