საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
2026 წლის 31 მარტს, ანკარაში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრთა მოადგილეების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას - თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბერის ექინჯი.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა.
ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის ინტენსიურ დინამიკას.
დეტალურად იქნა განხილული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
თურქეთის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხთა სფეროებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებზე და ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე, ხაზი გაესვა დაკავშირებადობის და შუა დერეფნის ხელშეწყობის აუცილებლობას.
აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ეფექტიანი მუშაობა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, აქიფ ჩაღათაი ქილიჩთან.
