Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

2023 წლის 12 სექტემბერს, ქ.სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა), საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი  გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას უძღვებოდა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი ბურაქ აქჩაფარი.

კონსულტაციების მსვლელობისას, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და აქტიურ ორმხრივ თანამშრომლობას. 

თურქეთის მხარის მიერ კვლავ გამოიხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება.

აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატის, მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის გამართვის მნიშვნელობა. 

გარდა ამისა, დიდი ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. მიმოხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის როლი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით.

აქცენტი გაკეთდა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებზე. არსებული პროცესების გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მნიშვნელოვანი ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე.

აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა. კვლავ დადასტურდა  სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა. პოლიტიკური კონსულტაციების დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურებისა და მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე.

 

No: 221, 11 September 2023, About the Political Consultations Between Turkey and Georgia