ქ. ანკარაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
2026 წლის 21 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ანკარაში, სასტუმრო „Sheraton”-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ და თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბურაქ ჯეიჰანმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას, ასევე ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ლევენთ ერგუნი, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, ნიკოლოზ იაშვილი, ქ. ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე თურქეთში მოქმედი ისტორიული დიასპორული ასოციაციების, ბიზნეს წრეების, ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრების, ტურიზმის, კულტურის სფეროსა და წამყვანი თურქული მედია საშუალებების წარმომადგენლები.
საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლის დროს, დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. არჩილ კალანდიამ თურქეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატებში, არამედ რეგიონალური და გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში, რაც ხელს უწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე შავი ზღვის რეგიონში.
თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბურაქ ჯეიჰანმა სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ბურაქ ჯეიჰანმა აღნიშნა ორ მეგობარ ქვეყანას შორის, უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა და საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
მიღების დროს, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებისა და საინვესტიციო პოტენციალის, ასევე ტურისტული შესაძლებლობების შესახებ, მოწვეული სტუმრებისთვის, ვიდეორგოლების ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კუთხე.
