საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბურსას რეგიონს ეწვია
2026 წლის 3 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბურსას რეგიონს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრები ქ. ბურსას გუბერნატორთან, ეროლ აიილდიზთან, თურქეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ფარუქ ჩელიქთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, იბრაჰიმ ბურქაისთან.
შეხვედრების დროს, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკურ, სავაჭრო, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად , მონაწილება მიიღეს ქ. ინეგოლში „ჩვენებურების“ რიგით 26-ე საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
არჩილ კალანდიამ, თავის სიტყვაში, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას, აძლევს შესაძლებობას, შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა და ტრადიციები.
ამასთან, ბურსას რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, არჩილ კალანდიამ და ზურაბ პატარაძემ, შეხვედრა გამართეს ადგილობრივი ისტორიული დიასპორული ასოციაციების ხელმძღვანელებთან და მათ წარმომადგენლებთან.
ქ. ბურსასა და ქ. ინეგოლში, შეხვედრებს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის წევრი, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ჭყონია და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი.
