საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯევდეთ ილმაზს შეხვდა
2026 წლის 5 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯევდეთ ილმაზთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, აგრეთვე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობასა და 2027 წლისთვის დაგეგმილ დღის წესრიგს. თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და შუა დერეფნის პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
