აქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩოს, თურქეთის ქ. დუზჯეს უნივერსიტეტისა და დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციის თანაორგანიზებითა და ჩართულობით გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში
2023 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩოს, თურქეთის ქ. დუზჯეს უნივერსიტეტისა და დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციის თანაორგანიზებითა და ჩართულობით გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში ,,თურქულ-ქართული კულტურული ურთიერთობები“. აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმი ზემოთ ხსენებულ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების დაარსების 10 და თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა.
საერთაშორისო სიმპოზიუმში, ასევე, მონაწილეობა მიიღო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ. სიმპოზიუმს, აგრეთვე, დაესწრნენ და მოხსენებები წაიკითხეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
სიმპოზიუმის მიზანს, თურქეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ქართველოლოგიური მიმართულების გაძლიერება და ქართული ენის აკადემიურ დონეზე სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
სიმპოზიუმის ფარგლებში, დამსწრეებს, მიეცათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარების ისტორიის ამსახველ, განსაკუთრებით, ლიტერატურული თარგმანების კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო ინიციატივებს.
სიმპოზიუმის მიმდინარეობისას, აგრეთვე, გამოფენილ იქნა კალიგრაფების დავით მაისურაძის, სელამი გუმუშისა და ჰელენ იოსელიანის მიერ, ქართულ მოტივებზე შესრულებული ნამუშევრები.
სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, შეხვედრა გამართა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორთან, პროფ. ნედიმ სოზბირთან.
შეხვედრაზე, ელჩმა, განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა თურქული მხარისადმი, თურქეთის რესპუბლიკაში ქართული ენისა და ლიტერატურის აკადემიურ დონეზე სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის.
შეხვედრაზე, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.
სიმპოზიუმის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა, მადლობა გადაუხადა როგორც დუზჯეს, ასე, რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის და ყარსის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებების მესვეურებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ნაყოფიერი საქმიანობისა და ორი ქვეყნის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აღუთქვა მათ მხარდაჭერა სამომავლო ინიციატივებში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დუზჯეს უნივერსიტეტისა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, დაიწყო მუშაობა, დუზჯესა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, საერთო სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და ერთობლივი დიპლომის გაცემის მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
საქართველოს საელჩო, კიდევ ერთხელ, სარგებლობს შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას უხდის დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების მესვეურებს, ასოც. პროფ. მაკა სალიას, ასოც. პროფ. შორენა ლომაიას, ფილოლოგიის დოქტორს მარიამ სულხანიშვილს, პროფ. ალი ერთუღრულსა და ფილოლოგიის დოქტორსა და ხელოვნებათმცოდნე ფევზი ჩელების, თურქეთის რესპუბლიკაში ქართული ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და უსურვებს მათ წარმატებებს, სამომავლო საქმიანობაში.