Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. იზმირის ქემალფაშას რაიონში ქართული საღამო გაიმართა

2023 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. იზმირის ქემალფაშას რაიონში, იზმირის ქართული მეგობრობის ასოციაციის, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოსა და ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისის თანაორგანიზებითა და ჩართულობით, გაიმართა ქართული საღამო, რომელსაც საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან ერთად, დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, იზმირსა და მის შემოგარენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები.
 
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაიხსნა საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ჰიმნებით. ამასთან, დამსწრე საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, დაეგემოვნებინა ქართული კერძები და გამაგრილებელი სასმელები. ასევე, ღონისძიებაზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა შეასრულეს ქართული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნიმუშები.
 
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, რა დროსაც, ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, ასევე, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ისტორიული კავშირების მნიშვნელობაზე. ელჩმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ქართული დიასპორისა და სახალხო დიპლომატიის როლს და დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
 
საქართველოს ელჩმა, მისასალმებელ სიტყვაში, თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქ. იზმირის ქემალფაშას რაიონში არსებული ქართული დიასპორული ასოციაციის მხარდაჭერისა და მისი აქტიური საქმიანობის ხელშეწყობისათვის და მადლობის სიგელები გადასცა იზმირის ქართული მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარესა და წევრებს.
 
ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩი, დაესწრო იზმირის ქართული მეგობრობის ასოციაციისა და თურქული მხარის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, იზმირის სახალხო განათლების ცენტრში მოქმედი ქართული ენის შემსწავლელი კურსის ღია გაკვეთილს და მონაწილეობა მიიღო კურსის მონაწილეთათვის ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში.
თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურეს მზაობა, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.
 
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა, წარმატება უსურვა იზმირის ქართული მეგობრობის ასოციაციის მესვეურებს და აღუთქვა მხარდაჭერა, სამომავლოდ, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ განხორციელებულ საქმიანობაში.
 
ამასთან, 25 მაისს, იზმირის წმ. ფოტინეს სახელობის ეკლესიაში, იზმირსა და მის შემოგარენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობით, ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია, რომლის შემდეგაც, გაიმართა ტრაპეზი, ქართული კერძებით.