Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ახალ წელს ულოცავს

ძვირფასო თანამემამულეებო,
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებთ თქვენს ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას!
 
მადლობას ვუხდით თითოეულ თანამემამულეს, რომლის საქმიანობაც მიმართულია საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციისკენ. მადლობა ქართულ დიასპორას იმ სულისკვეთებისთვის, რომელიც განაპირობებს მის ძალისხმევას - თავისი მრავალმხრივი პოტენციალი - ცოდნა, გამოცდილება, კულტურული, თუ ეკონომიკური კავშირები სამშობლოს კეთილდღეობას და ქვეყნის განვითარებას მოახმაროს.

დიასპორასა და სახელმწიფოს შორის კავშირები სულ უფრო ღრმავდება და მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაში აისახება. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერას, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევას, სამშობლოში მიმდინარე პროცესებში დიასპორის აქტიურ ჩართულობას. 

ბოლო პერიოდში მეტი რესურსი და ყურადღება ეთმობა ჩვენი უწყების მიერ დანერგილ წარმატებულ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა მიმართაც ჩვენი თანამემამულეების ინტერესი სულ უფრო ფართოვდება. საგრანტო პროგრამების მოცულობის ზრდამ დადებითი ეფექტი იქონია უცხოეთში არსებულ საკვირაო სკოლებზე, ფოლკლორული ანსამბლებსა და დიასპორულ ორგანიზაციებზე, რომელთა ჯამური რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობით გრძელდება დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების საქმეში, რისთვისაც ვაგრძელებთ არსებული მექანიზმების დახვეწას და თანამშრომლობას სხვადასხვა უწყებასთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვითვალისწინებთ სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკას და ვცდილობთ წარმატებული მოდელების გადმოტანას ჩვენს რეალობაში.

აქტიურად გრძელდება დიასპორასთან მიმართებით საქართველოს პოლიტიკის და გამოცდილების წარმოჩენა საერთაშორისო პლატფორმებზე, მაღალი დონის შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე, მიგრაციისა და განვითარების საკითხებზე პასუხისმგებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენი ქვეყანა შეუერთდა „დუბლინის დეკლარაციას“, რაც გულისხმობს დიასპორის ჩართულობის პოლიტიკის მიმართ გლობალური მიდგომების გაზიარებას, განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის საერთაშორისო სტანდარტის ხელშემწყობი პირობების შექმნას. ევროკავშირის მხარდაჭერით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) პარტნიორობით მომზადდა ცვლილებათა პაკეტი საქართველოს კანონში „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“, რაშიც ჩართულნი არიან მიგრაციისა და დიასპორის საკითხების კვლევის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. საქართველო რჩება ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნის ერთგული,  ხელისუფლება ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ქართულ დიასპორასთან ერთად,  მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გადადგამს ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. სახელმწიფოსა და დიასპორის ძალისხმევის გაერთიანება ამ მხრივ დიდი წარმატების მომტანი იქნება ჩვენი საერთო ეროვნული ინტერესების მისაღწევად.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, წინსვლის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ახალი, 2025 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის!