საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს
2023 წლის 10 მაისს, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) გიორგი ჯანჯღავამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, აბდ ელ-მაჯიდ ტაბუნეს.
ამასთან, საქართველოსა და ალჟირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები ალჟირის პრეზიდენტს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 27 მაისს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება.
ალჟირში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, 10 მაისს, ასევე, შეხვედრა გამართა ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აჰმედ ატაფთან.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ალჟირს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას.