საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და საქართველოს ელჩის შეხვედრა ბურსის რეგიონის დიასპორის წარმომადგენლებთან
2023 წლის 22 ივლისს, საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ბურსის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციასა და ქ. ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციას ეწვია და შეხვედრა გამართა ხსენებული, ასევე, რეგიონში მოქმედი სხვა ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან და წევრებთან.
შეხვედრებზე, აღინიშნა დიასპორის მნიშვნელოვანი როლი ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საქმეში და გამოითქვა მზაობა, სამომავლოდაც ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ორგანიზების მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურებასა და თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან, ასევე, ქ. ქუთაისის მერთან, იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, დაესწრო.
საელჩოს თანამონაწილეობითა და აქტიური ჩართულობით, თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციაში შემავალი ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს. ხსენებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივი ქართული დიასპორული ასოციაციების ბაზაზე მოქმედმა ანსამბლებმა, ასევე, საქართველოდან, კერძოდ, ქუთაისიდან და ბათუმიდან მიწვეულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას,საქართველოს ელჩმა, მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს, ბურსის რეგიონში მოქმედი ქართული ასოციაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის.
საქართველოს ელჩმა, აგრეთვე, გამოხატა მადლიერება, ფესტივალის ორგანიზატორებისა და დიასპორის წარმომადგენლებისადმი, თურქეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, უსურვა მათ წარმატებები, შემდგომ საქმიანობაში და ზემოაღნიშნული ფედერაციისა და ასოციაციის ხელმძღვანელებს გადასცა მადლობის სიგელები.
ღონისძიებას, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ესწრებოდნენ ქ. ბურსას მერი, ალინურ აქთაში, აგრეთვე, ქ. ინეგოლის მერი და გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, თურქეთის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ქართული დიასპორული ასოციაციების ხელმძღვანელები და წევრები.