Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

2025 წლის 3 ივნისს, ქ. თბილისში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი  გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას - თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერის ექინჯი.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და  მჭიდრო ორმხრივი  თანამშრომლობა.

ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკას. აღინიშნა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს რიგით მესამე სხდომის გამართვის მნიშვნელობა.

დეტალურად იქნა განხილული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. თურქეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხთა სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ ფორმატზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე, ასევე, შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ეფექტიანი თანამშრომლობა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური თანამშრომლობისათვის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა.