საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ქემალფაშას რაიონში მოქმედი ქართული მეგობრობის ასოციაციას ესტუმრა

2022 წლის 1 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა ქ. იზმირის ქემალფაშას რაიონში მოქმედი ქართული მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელთან, ილქერ ილდიზთან (პაპუაშვილი) და ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრებთან. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ ქემალფაშას გამგებელი მუსა სარი და მერი რიდვან ქარაქაიალი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები. 

შეხვედრის ფარგლებში, ელჩი, აგრეთვე, ქართული ენის შემსწავლელი კურსის ღია გაკვეთილს დაესწრო და მონაწილეობა მიიღო კურსის მონაწილეთათვის ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში. 

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ღონისძიება გაიხსნა საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ჰიმნებით. დამსწრე საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, დაეგემოვნებინა ქართული კერძები. ღონისძიებაზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა შეასრულეს ქართული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნიმუშები.

საქართველოს ელჩმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქ. იზმირის ქემალფაშას რაიონში არსებული ქართული დიასპორული ასოციაციის მხარდაჭერისა და მისი აქტიური საქმიანობის ხელშეწყობისათვის. 

თავის მხრივ, ადგილობრივი თვითთმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურეს მზაობა, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით. 

ელჩმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე და დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ამასთან, საქართველოს ელჩმა, სათვისტომოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს, ელჩმა, წარმატება უსურვა იზმირის ქართული მეგობრობის ასოციაციის მესვეურებს და აღუთქვა მხარდაჭერა, სამომავლოდ, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ განხორციელებულ საქმიანობაში. 


აღსანიშნავია, რომ ხსენებული ასოციაცია, დაარსების დღიდან, 2016 წლიდან, აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას თურქეთში და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. ასოციაციის ბაზაზე, ასევე, მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები და ახლო მომავალში, იგეგმება ქართული ცეკვისა და ხალხური საკრავების შემსწავლელი კურსების გახსნაც.