საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ყოფილ ელჩებთან

2022 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ყოფილ ელჩებს, უფუქ თეფიქ ოქიაიუზს, ბურაქ გურსელს, დიჯლე ქოფუზს, ერთან თეზგორს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსა და ფატმა ჯერენ იაზგანს. 

აღსანიშნავია, რომ ვახშამი, მიეძღვნა საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის სახელით, საქართველოს ელჩმა, თურქ კოლეგებს ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადასცა საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დაკვეთით, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული ზარაფხანის მიერ, საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მოჭრილი საიუბილეო მედალიონი. 

შეხვედრისას, მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების უაღრესად დადებით დინამიკაზე, რა დროსაც, თურქმა დიპლომატებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, კვლავაც აქტიურად გააგრძელებენ საქართველოს ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერას და მაქსიმალურად შეეცდებიან, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. 

აქვე, საქართველოს საელჩო, სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის თურქ დიპლომატებს მათ მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და უსურვებს მათ წარმატებებს, მომავალ საქმიანობაში.