საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ინგლისურენოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,TRT World” წარმომადგენლებთან

2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ინგლისურენოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,TRT World” საინფორმაციო სამსახურის მთავარ პროდიუსერთან ოზგე ექმენ მადენთან და დიპლომატიურ მიმომხილველთან ენდრიუ ჰოპკინსთან. 

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა როგორც უშუალოდ ხსენებულ არხსა და საელჩოს, ასე, ორი ქვეყნის მედია საშუალებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების, ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავებისა და სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლოდ, საქართველოს ელჩთან და აგრეთვე, საქართველოს სხვა მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალურ პირებთან ინტერვიუებისა და რეპორტაჟების მომზადების შესაძლებლობაზე.

საუბრისას, ელჩმა, ,,TRT World”-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი ინტერესისა და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, ასევე, ხაზი გაესვა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და ინფორმაციის სისტემატური გავრცელების პროცესში მედიის მონაწილეობის მნიშვნელობას, აგრეთვე, საზოგადოებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ობიექტური და სწორი ინფორმაციის გაშუქების აუცილებლობას. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, კიდევ ერთხელ, გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა, ურთიერთთანამშრომლობის გასაღრმავებლად.