საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი "ჩვენებურები" გაიმართა

„თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმის მასშტაბურობა ნათლად ასახავს იმ სრულიად განსაკუთრებულ, მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომლებიც ორ სახელმწიფოს - საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას აკავშირებს“ - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმის „ჩვენებურების“ მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას განაცხადა.  

 ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით,  თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორისა და ქართულ და თურქულ ბიზნესმენთან ასოციაციის ინიციატივით პირველად გაიმართა. აღსანიშნავია, რომ  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის წარმომადგენელთა მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის პროცესში ჩართულობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული რიგით მეოთხე მასშტაბური ღონისძიებაა. 

ილია დარჩიაშვილის განცხადებით,  წელს, როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა აღდგენის 30 წლის იუბილე აღინიშნება, ბიზნეს-ფორუმის ჩატარება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს და ერთგვარად აჯამებს იმ მიღწევებს, რომლებსაც საქართველო და თურქეთი მრავალი წელია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით ავითარებენ.  

დარჩიაშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესია ამ მასშტაბური ღონისძიების ჩატარება ქვეყანასთან, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, „ამ ფართო სპექტრის და მდგრადი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი  ჩვენი დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლებს მიუძღვით, რადგან სწორედ ისინი  უწყობენ ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და ეკონომიკური კავშირების განვითარებას“.  

ეკონომიკური პროექტებით დაინტერესების გარდა, ისინი, დარჩიაშვილის თქმით, ორი ქვეყნის კულტურის, ორი ქვეყნის ღირებულებების მატარებლები არიან და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების, ასევე  ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით განსაკუთრებულ  მისიას ასრულებენ.  „თურქეთში მოქმედი ქართული ხელოვნების სახლები, კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდები, საზოგადოებები, შემოქმედებითი კავშირები თანამემამულეებთან ურთიერთობის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს. 

ქართული კულტურის ცენტრებში იკრიბებიან საქართველოთი, ქართული ენით, ანბანით, კულტურით დაინტერესებული ,,ჩვენებურები“, აღნიშნავენ დღესასწაულებს, ზეიმობენ ორი მოძმე ერის მეგობრობას და ერთობლივ მიღწევებს!“ - დასძინა მინისტრმა. მისი თქმით, თურქეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენების  საქართველოს საინვესტიციო გარემოთი და ეკონომიკური შესაძლებლობებით დაინტერესება დღითიდღე იზრდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი რეგულარული ინფორმირება საქართველოში მიმდინარე პროცესების, გატარებული რეფორმების და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს არა მხოლოდ განახორციელონ საინტერესო ბიზნეს პროექტები, არამედ შეასრულონ ერთგვარი „საინვესტიციო წარმომადგენლების“ როლი უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. 

„ჩვენ დაინტერესებული ვართ და ხელს შევუწყობთ ასეთი შეხვედრების სისტემატურად ჩატარებას, რაც ჩვენს თანამემამულეებს ახალი სივრცეების, ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა და ქვეყნის სასიკეთოდ ათვისებაში დაეხმარება“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმის „ჩვენებურები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობითა და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის ინიციატივით საქართველოში პირველად ჩატარდა. 

ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირებას და თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სტუმრობს. საქართველოს მხრიდან ფორუმში მონაწილეობენ ეკონომიკური ბლოკის, შესაბამისი სახელმწიფო სააგენტოების და სამეწარმეო სფეროების წარმომადგენლები.

✅ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/39gzFvt