საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, ქ.სტამბოლში, პრეზენტაცია ,,Destination Georgia“ გაიმართა
2024 წლის 22 თებერვალს, საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავასა და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის, ალექსანდრე ჯიშკარიანის ხელშეწყობითა და ჩართულობით, ქ. სტამბოლში, გაიმართა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თურქეთის ავიახაზების - „Turkish Airlines“ ერთობლივი ღონისძიება, სახელწოდებით ,,Destination Georgia“.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების თურქული ტუროპერატორებისთვის გაცნობასა და საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა, ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე, საქართველოს უდიდეს ტურისტულ და საკურორტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოს ესტუმრა 1 მლნ 400 ათასამდე ვიზიტორი თურქეთიდან.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ავიახაზები - „Turkish Airlines“ ორ ქვეყანას შორის ახორციელებს რეგულარულ ავიარეისებს, კვირაში 30 ფრენის სიხშირით.