საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო BSEC-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 49-ე სხდომაში
2024 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) 49-ე სხდომაში.
საკუთარ გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ, ხაზი გაუსვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც 2017 წლიდან გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. აღინიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონალურ პროექტებში აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაზე, მათ შორის დასახელდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საბორნე გადაზიდვების ინტენსიფიკაცია და გამოითქვა მზაობა ევროკავშირსა და მის ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო პარტნიორობისთვის.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მნიშვნელობაზე, რაც BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამასთან, ხაზი გაესვა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკას ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატებები უსურვა აზერბაიჯანის რესპუბლიკას BSEC-ის მომავალ თავმჯდომარეობასთან (2025 წლის იანვარი-ივნისი) დაკავშირებით.