საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ქ. ანკარაში, თურქ კოლეგას შეხვდა
2024 წლის 16 მაისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს შორის იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგას, თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრ იუსუფ თექინს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარებაზე იმსჯელეს.
გიორგი ამილახვარმა განათლების ყველა მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოხატა. როგორც მან აღნიშნა, ორი ქვეყნის მინისტრები შეჯერდნენ საქართველოსა და თურქეთის პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების ხელშეწყობაზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები დაჩქარდება და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ დღის პირველ ნახევარში პრეზიდენტ ერდოღანის სასახლეში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძესა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის, ათათურქის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.