საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი იზმირში მხცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა

2022 წლის 1 დეკემბერს, ქ. იზმირში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა სმირნას (იზმირის) მიტროპოლიტ ბართოლომეოსთან, ამ უკანასკნელის რეზიდენციაში. 

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, ხაზი გაესვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის არსებულ თანამშრომლობას.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა, მადლობა გადაუხადა სმირნას მიტროპოლიტ ბართოლომეოსს, გულთბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი, იზმირსა და მის შემოგარენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთათვის, რეგულარული საღვთო ლიტურგიის აღვლენის შესაძლებლობის უზრუნველყოფისა და მათთვის სივრცის დათმობისათვის. 

სმირნას მიტროპოლიტ ბართოლომეოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, თანამემამულეებთან შეხვედრების ფარგლებში, ქ. იზმირის აია ფოტინეს სახელობის ეკლესიაში შეხვედრა გამართა იზმირსა და მის შემოგარენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. 

ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე, როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

 

                                       

გიორგი ჯანჯღავამ, საქართველოს მოქალაქეებს, გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა თანამემამულეებს მიაწოდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ზოგადი საქმიანობის შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მოქალაქეთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც, თანამემამულეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მათ ადგილზე გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და საელჩოს შორის არსებული აქტიური კომუნიკაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება პერიოდულად.