საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,TRT Müzik” ეთერში საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი გავიდა

2022 წლის 19 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,TRT Müzik” ეთერში გავიდა საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სატელევიზიო პროექტის ,,დომბრას კვალდაკვალ“ ფარგლებში, საქართველოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პირველი სერია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, თბილისში, გადაღებულ იქნა ფილმის 2 სერია, რომლებშიც, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე, არსლანბეკ სულთანბეგოვი, მაყურებელს მოუთხრობს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლების ,,ერისიონი“, ,,სახიობა“ და ,,რუსთავის“ შემოქმედების შესახებ. ასევე, ავტორები თურქეთის მრავალმილიონიან მაყურებელს გააცნობენ საქართველოს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, ფოლკლორულ ტრადიციებს, ზოგადად, ქვეყნის მუსიკალურ კულტურასა და აგრეთვე, ქართულ სამზარეულოს.

საელჩო მოხარულია, რომ დღითიდღე იზრდება თურქული მედიისა და ზოგადად, საზოგადოების ინტერესი საქართველოსადმი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საწინდარია. 

საქართველოს საელჩო, სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის თურქეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელს ,,TRT”, ინტერესისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის გაწეული ძალისხმევისათვის.