საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თბილისსა და ანკარას შორის პირადპირი ავიარეისები ამოქმედდა

2022 წლის 2 ნოემბერს, ანკარა-თბილისი-ანკარის მიმართულებით, თურქული ავიაკომპანიის ,,Pegasus Airlines” მიერ პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს, ავიაკომპანიის ,,Pegasus Airlines” და ,,TAV” ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარის ესენბოღას აეროპორტში საზეიმო ცერემონია გაიმართა. 

ღონისძიებას, საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან და საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ ზემოხსენებული ავიაკომპანიისა და ჰოლდინგის ხელმძღვანელი პირები და მედიის წარმომადგენლები. 

ცერემონიაზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა მიესალმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გააქტიურებას, განსაკუთრებით, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურის მიმართულებებით. 

გლობალური პანდემიის შემდგომ პერიოდში, საელჩო აქტიურად ახორციელებდა კონსულტაციებს, თურქული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოს მიმართულებით ავიარეისების ოთხივე სეზონზე შესრულებისა და ოპერირების სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით. 

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის ფრენები, ანკარის ესენბოღას აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. საქართველოს საელჩო, კიდევ ერთხელ, სარგებლობს შემთხვევით და გულითად მადლობას უხდის თურქული ავიაკომპანიის ,,Pegasus Airlines” და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებს, აღნიშნული შესაძლებლობისთვის!

ცნობისთვის: ანკარა-თბილისი-ანკარის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრისას, რის შედეგადაც, 2019 წლის 18 იანვარს, თურქეთის ავიახაზებმა (Turkish Airlines) პირველი ავიარეისი შეასრულა. გლობალური პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ავიამიმოსვლა შეწყდა.