საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. საქარიაში ,,ქართულ-ლაზური ზეიმი” გაიმართა

2022 წლის 23 ივლისს, თურქეთის ქ. საქარიის ქართველთა და ლაზთა კულტურის ასოციაციის მიერ, ორგანიზებულ იქნა ,,ქართულ-ლაზური ზეიმი”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და მოწვეულმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

ღონისძიების მიმდინარეობისას, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას მიმართვა, რომელშიც, მან ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ამასთან, ქ. საქარიის ქართველთა და ლაზთა კულტურის ასოციაციის დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, მუსტაფა კოლატს, საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის მასშტაბით მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საქარიის ქართველთა კულტურის ასოციაცია 2018 წელს დაარსდა და დღემდე, აქტიურად ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. ასოციაციის ბაზაზე, მოქმედებს ქართულისა და ლაზურის შემსწავლელი კურსები. ამასთან, ჩამოყალიბდა ქორეოგრაფიული ანსამბლიც, რომლის რეპერტუარშიც, ძირითადად, წარმოდგენილია ქართული და კავკასიური ხალხური ცეკვები.

 

საქართველოს საელჩო, კიდევ ერთხელ, გამოხატავს ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას, ქ. საქარიის ქართველთა და ლაზთა კულტურის ასოციაციისადმი, თურქეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და ასოციაციის მესვეურებს უსურვებს წარმატებებს, შემდგომ საქმიანობაში.