ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ძვირფასო სტუმარო!
კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე.
საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის, თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რასაც თანამედროვე პოლიტიკურ დინამიკასთან ერთად ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორებიც განაპირობებს.
თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა პირველად ჯერ კიდევ 1921 წელს სცნო, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციამდე სულ რამდენიმე ხნით ადრე; ხოლო 1992 წელს, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, მან ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. თანამედროვე პირობებში ქვეყანათა დამოუკიდებლობას დიდად განსაზღვრავს მათი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი და სახელმწიფო ინტერესების ურთიერთპატივისცემა. ეს განსაკუთრებული სიცხადით მჟღავნდება მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში. საქართველო-თურქეთის უახლესი ისტორია ამის ნათელი მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს, რომ თურქეთის რესპუბლიკა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის ძლიერი მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფოა.
თურქეთის რესპუბლიკა, საქართველოს იმ მეგობარ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო, ევროკავშირი) ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნები წარმატებით ურთიერთანამშრომლობენ რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის კუთხით. ამ მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი მასშტაბური რეგიონალური და ტრანს-კონტინენტური პროექტების განხორციელებას, რომლებიც ნავთობსადენების, გაზსადენების, ჰიდროელექტროსადგურებისა თუ სარკინიგზო მშენებლობებს უკავშირდება. ჩემთვის განსაკუთრებით დიდი პატივია, რომ ამ პროექტებზე მოლაპარაკებების ხელშეწყობის პროცესში თავის დროზე მეც მაქვს მოკრძალებული მონაწილეობა მიღებული ჩემი თურქეთში საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად მუშაობის პერიოდში 2006-2010 წლებში.
თურქეთში საქართველოს ელჩის რანგში საქმიანობა, რომელსაც მე 2013 წლის 18 ივლისიდან შევუდექი, ცხადია, გაცილებით უფრო მეტი პატივი და უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას იმ ქვეყანაში, რომელიც დღესდღეობით საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია.
ამ გადმოსახედიდან, ჩემი განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება ასევე მსოფლიო მნიშვნელობის იმ კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში წვლილის შეტანა, რომელიც დღესდღეობით საქართველო-თურქეთის ერთობლივ მემკვიდრეობას წარმოადგენს და რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტი თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული მრავალსაუკუნოვანი ქართული არქიტექტურული მონუმენტების ხელახლა გაცოცხლებას გულისხმობს. ქართველ და თურქ ხალხს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ხარისხი და მთავრობების საერთო კეთილი ნება იმის მყარ გარანტიას იძლევა, რომ ამ სფეროშიც ურთიერთანამშრომლობის დიდი პერსპექტივები არსებობს.
აღნიშნული ვებ გვერდი და მასზე განთავსებული ბმულები თქვენ შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობების დინამიკასა და ჩვენს სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს. ასევე შესაძლებლობა გეძლევათ თვალყური მიადევნოთ პერიოდულად განთავსებულ ინფორმაციას საელჩოს საქმიანობის შესახებ. იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი ვებ-გვერდი დაგეხმარებათ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ ჩემი ქვეყნისა და ქართულ-თურქული ურთიერთობების თაობაზე.
აქვე მოხარული ვიქნები თქვენი შენიშვნებისა და მოსაზრებებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საელჩოს საქმიანობის გაუმჯობესებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთ წარმოჩენას ადგილსამყოფელ ქვეყანაში.
ბოლოს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე და საელჩოს თითოეული თანამშრომელი მზად ვართ ნებისმიერ დროს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება და თანადგომა გაგიწიოთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს და თურქეთში მცხოვრებ როგორც მრავალრიცხოვან ისტორიულ, ისე საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში შექმნილ ქართულ დიასპორას.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ვებ-გვერდზე სტუმრობისთვის.
საუკეთესო სურვილებით,
ირაკლი კოპლატაძე
საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში
 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ