ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საელჩომ უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას

2017 წლის 25 მაისს, ანკარაში სასტუმრო „შერატონში" საქართველოს საელჩომ უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუქ ჩელიქმა. მიღებას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის პარლამენტის დეპუტატები, თურქეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისრაფილ ქიშლა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უმით იარდიმი, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ანკარაში მყოფი ქართველი სტუდენტები.

მიღების ფარგლებში საელჩოს ინიციატივით მოეწყო საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო 80-მდე ფოტოსურათი, რომელიც ასახავდა 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. გამოფენამ მოწვეული სტუმრების დიდი ინტერესი დაიმსახურა.

მიღებაზე ქ. სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლთან არსებული ქართული ფოლკლორული ანსამბლის „კავკასიის მთა" (ხელ-ი: იბერია ოზქან მელაშვილი) მიერ ცოცხლად შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები და სხვადასხვა ქართული, აფხაზური და თურქული ფოლკლორული სიმღერები.

ამასთან, მიღება ფართოდ გაშუქდა წამყვანი თურქული მედიასაშუალებების მიერ.

 
 
 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ