საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. იზმირში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტების პირველი სამმხრივი სხდომა გაიმართა

2021 წლის 7-8 ოქტომბერს, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქ. იზმირში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტების პირველი სამმხრივი სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.

სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს, საქართველოს მთავრობას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში სამმხრივი კომიტეტის შექმნის შესახებ. აგრეთვე, განხილულ იქნა საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლის სამმხრივი პლატფორმის დაფუძნების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ტრანზიტული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას.

მხარეებმა, იმსჯელეს სამ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატზე. განხილულ იქნა, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და პერსპექტივები, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა საბაჟო სფეროში სისტემური მოდერნიზაცია, სარკინიგზო გადაზიდვებისა და ტვირთების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და საზღვრის კვეთის ფორმალობების დახვეწა, რისკის ანალიზის და საბაჟოს კონტროლის გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პრაქტიკის სფეროში, ასევე, საბაჟო სამართალდარღვევების კუთხით გამოვლენილი ძირითადი რისკების/ტენდენციების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის კუთხით თანამშრომლობის გაუმჯობესება, საბაჟო სფეროს უკეთ მართვისა და რეგულირების მიზნით, სხვადასხვა სახის ინოვაციების დანერგვა და რეგიონის სახელმწიფოებს შორის საბაჟო ტრანზიტის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა.