საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან

2021 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა საერთაშორისო ორგანიზაციის - თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო (Turkic Council) გენერალურ მდივანთან, ბაგდად ამრეიევთან. 

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა ხსენებული ორგანიზაციის წევრ ქვეყანათა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფორმატების გაუმჯობესებისა და ახალი, კერძოდ, ეკონომიკური მიმართულებების განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები. 

ხსენებულ შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე, აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელობა და გაწეული ძალისხმევა, რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც ხსენებული ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 

აღსანიშნავია, რომ თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო (Turkic Council) 2009 წელს, თურქულენოვან სახელმწიფოთა შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის განვითარების მიზნით დაარსდა და ამ დროისათვის, აერთიანებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. ამასთან, უნგრეთს, რომლის ოფიციალური ენაც, ასევე, ურალურ-ალთაურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, 2018 წლიდან, მიენიჭა საბჭოს დამკვირვებლის სტატუსი. 

დღეს, ,,Turkic Council“ წარმოადგენს ბოლო პერიოდის ერთ-ერთ აქტიურ და ქმედით საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. სტამბოლში, ხოლო წარმომადგენლობები კი განთავსებულია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშიც.