საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 28-30 ივნისს, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის (ხელ-ი: ომერ ფარუქ დემირთაში) ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ქ. ინეგოლში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“ ჩატარდა

2019 წლის 28-30 ივნისს, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის (ხელ-ი: ომერ ფარუქ დემირთაში) ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ქ. ინეგოლში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“ ჩატარდა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჯამბაზიშვილი. ფესტივალზე აღნიშნული ასოციაციის ანსამბლმა „ჩვენებურები“ და საქართველოდან ჩამოსულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები. ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ფესტივალის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ და საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, რომლის დროსაც ხაზი გაესვა ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა და საქართველოს ელჩმა ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის თავმჯდომარეს, ომერ ფარუქ დემირთაშს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ამასთან, 30 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციაში ჩატარდა წიგნის (ავტორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის დამფუძნებლებელი გიორგი ირემაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი) პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება 1936-2003 წლებში თურქეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს – ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს, მთარგმნელს, პოეტსა და პუბლიცისტს ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძეს). აღნიშნული წიგნი ორ ნაწილად იყოფა: პირველ ნაწილში აღწერილია ჰაირი ჰაირიოღლუს ცხოვრების გზა, მისი დამსახურება ქართული კულტურის წინაშე და ის გარემო, რომელშიც ჰაირი დაიბადა, გაიზარდა და მოღვაწეობდა; აგრეთვე, მისი ურთიერთობა აჰმეთ მელაშვილთან, საქართველოსთან და ქართულ ევროპულ ემიგრაციასთან. მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია ჰაირის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი და თარგმანები როგორც თურქულიდან ქართულ, ასევე ქართულიდან თურქულ ენაზე.

წიგნის პრეზენტაციაზე ავტორებთან ერთად დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე და საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ავტორებს მრავალწლიანი შრომისათვის და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც მხარი დაუჭირონ მსგავს აქტივობებს.