საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანკარაში საქართველოს საელჩოსა და თურქეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მხარდაჭერითა და ქართველი სტუდენტების ორგანიზებით, 2019 წლის 4 მაისს, ქ. ანკარაში თურქეთის საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის (YTB) კულტურის სახლში ჩატარდა ქართული კულტურის დღე

ანკარაში საქართველოს საელჩოსა და თურქეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მხარდაჭერითა და ქართველი სტუდენტების ორგანიზებით, 2019 წლის 4 მაისს, ქ. ანკარაში თურქეთის საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის (YTB) კულტურის სახლში ჩატარდა ქართული კულტურის დღე, რომელსაც ქართველ სტუდენტებთან ერთად თურქი და ანკარის უცხოელი სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, თურქეთის საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ საით იუსუფმა და თურქეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა გიორგი ცეცხლაძემ. სიტყვით გამოსვლისას, როგორც ქართული, ასევე თურქული მხარის მიერ აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები, რაშიც ასევე დიდი წვლილი შეაქვთ სტუდენტებს.

ღონისძიებაზე სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ასევე ნაჩვენები იქნა 3 ვიდეო რგოლი, მათ შორის, ვიდეო რგოლი ქართული ანბანის შესახებ, სახელწოდებით - GEORGIA MADE BY CHARACTERS, რომლის შემდეგაც ქართველმა სტუდენტებმა შეასრულეს ქართული სიმღერები.

აღნიშნულის შემდგომ, სტუმრებმა გადაინაცვლეს კულტურის სახლის ეზოში, სადაც წარმოდგენილი იყო გამოფენა - “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” .

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის დაფინანსებით, თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტები ეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს.